2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბ-ნი ზურაბ ალავიძე და ქალაქ თბილისის მერი ბ-ნი კახა კალაძე გაეცნენ 2015 წლის 13 ივნისის ბუნებრივი კატასტროფის შედეგად მწყობრიდან გამოსული წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას. სამუშაოებს აწარმოებს შპს კავკასუს როუდ პროჯექტი. გზის საყრდენ კედლებს REINFORCED EARTH® ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებს შპს ჯსპ.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საიტიდან (http://www.mrdi.gov.ge/ge/news/): "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს მინისტრი ზურაბ ალავიძე და თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნენ. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. წყნეთი-ბეთანიის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად შეძლებს მგზავრობას. გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 25 მილიონი ლარია და მას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს. სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება."